მე პატარა გოგო ვარ… :)))

ვაკის პარკში ვსეირნობდი…

ბავშვი ერთობოდა…

მივედი, დავზვერე, მომეწონა…

გავაგდე ცუღლტა და ტაააააააააააააადააააააამ…

ცხოვრება მშვენიერია. 🙂 😛

მე(ც) აქ ვიყავი

ბოლო პერიოდში გეილ ფორმანი და მისი წიგნები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეს ალბათ, “გამომცემლობა პალიტრა L”-ის დამსახურებაა, რადგანაც, ქართველ მკითხველს მისცა საშუალება გასცნობოდა აღნიშნულ ავტორს.

I Was Here“მე აქ ვიყავი” – კიდევ ერთი წიგნია სერიიდან LiberTeens.  ეს არის ნაწარმოები მეგობრობაზე, სიყვარულზე, ურთიერთობებზე, პატიებაზე.

მიტევება ყველაზე რთული რამაა ამ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ჭირს საკუთარი თავის პატიება.

What If  – ესაა კითხვა, რომელიც არ ასვენებს მთავარ მოქმედ გმირს და რომელსაც ყოველი ჩვენგანი დღემუდამ ვატრიალებთ გონებაში.

რა იქნებოდა, ასე რომ არ მოვქცეულიყავი? რა იქნებოდა ისე რომ მომხდარიყო?

არ შეიძლება საკუთარი ცნობიერება აწვალო მსგავსი აკვიატებული აზრებით. არ შეიძლება სინდისი დაიმძიმო იმ ბრალით, რომელიც შენი არ არის! მოსახდენი აუცილებლად მოხდება და შენ ამას ხელს ვერ შეუშლი.

ერთადერთი, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება და უნდა გავისიგრძეგანოთ, გარშემომყოფთ სიყვარულია და უნარია ამ სიყვარულის გამოხატვის. ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, თუ როგორი ძვირფასები ვართ ერთ-ურთისთვის.

სხვადასხვა სიტყვით გადმოცემულს, მაგრამ ასეთი სათქმელის მქონე წიგნის კითხვას არასდროს დავიზარებ, რადგანაც, ერთი საკმარისი არაა… შეხსენებაა საჭირო! შეხსენება იმის, რომ ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა სისულელეებზე ჩხუბისა და გაბრაზებისთვის და რაც დრო გვაქვს, მხოლოდ სიყვარულს უნდა დავუთმოთ!

“მეც აქ ვიყავი” – კოდისთან, მთავარ მოქმედ გმირთან, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატიობს ბავშვობის მეგობრის, მეგის თვითმკვლელობას.

მას შემდგომ, რაც გარდაცვლილის უმცროსი ძმა, სკოტი დის საუკეთესო დაქალს მისცემს მინიშნებას მეგის გამოსამშვიდობებელი წერილის ერთ-ერთი ფრაზის შესახებ, გოგონა გამოძიებას იწყებს. ვინ შეიძლება დახმარებოდა მეგობარს თვითმკვლელობის დაგეგმვაში?

წიგნი უაღრესად საინტერესოა. “კოხტა და დახვეწილი” – ის სიტყვებია, რომელიც უხდება როგორც სიუჟეტს, ისე თავად ავტორს.

მოკლედ, მეტს არ გავაგრძელებ და სანამ მე გეილ ფორმანის სხვა ნაწარმოებებს ჩავუჯდებოდე, თქვენ ამ რომანით ისიამოვნეთ.

ავტორი – ლორენ ოლივერი

Gayle-Forman

GoodReads

ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” – ანუ, სამყარო სიყვარულის გარეშე

“Love, the deadliest of all deadly things: It kills you both when you have it and when you don’t.”

ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება სიყვარულის გარეშე?

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს თქვენი პასუხი, შედეგი ერთია – ეს (წიგნში აღწერილი) სწორედ ის სამყაროა, რომელიც იარსებებდა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულის უნარი რომ არ გვქონოდა.

დისტოპიური რომანი მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს “შიმშილის თამაშები”, “ლაბირინთში მორბენალი” და მსგავსი ტიპის ნაწარმოებები ალტერნატიული რეალობის შესახებ.

Deliriumრამდენიმე დღის წინ ჩემს მეექვსე კლასელ დას თავისუფალი თემა ჰქონდა დასაწერი წიგნების შესახებ. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც მოაკვარახჭინა, ასე ჟღერდა: “ყოველი ახალი წიგნი განსხვავებული სამყაროაო.” მეც ასე, ვმოგზაურობ ერთიდან მეორეში. აქამდე “ნამოგზაურებ” ქვეყნებს შორის დელირიუმთან ყველაზე ახლოს მაინც მარგარედ ეტვუდის – “მხევლის” სამყარო იყო (ამავე მწერლის რომანიდან – “მხევლის წიგნი”). აქაც, მთავარი მოქმედი გმირის სამშობლო იმდენად რეალურია, რომ გეგონება, აგერ “ყურის ძირში”, რამდენიმე კილომეტრში სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადალახვის შემთხვევაში უპრობლემოდ მოხვდები მაგდალენასთან. მაგდალენა, იგივე ლენა  ემზადება ოპერაციისთვის, რომელის შემდგომაც ცხოვრებას მშვიდად და უშფოთველად გააგრძელებს – იმის გარანტიით რომ არასდროს შეეყრება დაავადება “ამორ დელირია ნერვოზა” – ანუ – სიყვარული.

წიგნი მარტივად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ავტორს თვალნათლივ და ცხადად აქვს აღწერილი ყოველი სცენა. ალაგ-ალაგ სასაცილო, ალაგ-ალაგ სევდიანი.

ხანდახან ნერვები გეშლება, რომ ლენა მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება და ბრაზდები, რომ თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული, მაგრამ – “მის დარაბებს მიღმაც მოვა გაზაფხული” კი არა და სიყვარული და…

…და სიამოვნებით მოგიყვებოდით რა ხდება შემდგომ, თუმცა, არ მინდა დაგისპოილეროთ…

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მომწონს წიგნების სერია “LiberTeens”, საერთოდაც, სადღეისოდ, გამომცემლობები ძლიერ აქტიურობენ, რაც ძალიან მახარებს და ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენთვის, წიგნების მოყვარულთათვის ასე იღწვიან!

თუ შეამჩნიეთ, ჩემი ბოლო რამდენიმე სტატია “პალიტრა L” – ის გამომცემლობის წიგნებს ეხება. განსაკუთრებული მადლობა სწორად მათ მსურს გადავუხადო, თუ რატომ, ამას ოდნავ მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ავტორი – ლორენ ოლივერი

GoodReads

საბჭოთა ტერორი – ილუსტრირებული ისტორია

რამდენიმე დღის წინ ხელთ ჩამივარდა წიგნი – “საბჭოთა ტერორის” შესახებ. სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები შინ, ოთახიდან ოთახში დამაქვს და ჩემი ქმარი მეკითხება, ამ(ხელა) წიგნს რას დაათრევ აქეთ-იქეთო და მეც ნიანგივით თვალებს და ცხვირის ნაწილს ამოვყოფ და ჩავყოფ ისევ შიგ.

წიგნში ასახული მასალა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც დამთრგუნველი. მასში თავმოყრილია უნიკალური ამბები და დოკუმენტები. თითო მცირე ისტორიის გაცნობის შემდგომ, შემიძლია საათობით ვიფიქრო საკითხზე.

საბჭოთა ტერორიმახსენდება, როგორი სიამაყით ჰყვებოდა დიდი ბებია თავის ვაჟზე, ბაბუაჩემზე, რომელიც “სამამულო” ომის ვეტერანი იყო. ბავშვობისას ამ ამბებს რომ ვისმენდი, გული სიამაყით მევსებოდა. მინდოდა მეც იმ დროში მეცხოვრა და მემუშავა სამხედრო მედდად (იარაღის ჭერა უფრო მხიბლავდა, უბრალოდ, ქალებისთვის იმ დროისათვის ომში მეტი პერსპექტივა არ იყო).

დღეს კი ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ “მაღალთა ამა ქვეყნისათა” ნება-სურვილზეა დამოკიდებული და სხვა არაფერია, თუ არა ფულის კეთების საშუალება. უბრალო მოსახლეობა კი იჟლიტება უაზროდ, “საზარბაზნე ხორცია”. მარტივად მართვადი და კონტროლირებადი მარიონეტია.  ოღონდ, ის მას ვერ უნდა აცნობიერებდეს, მხოლოდ “პურითა და სანახაობით” უნდა დააინტერესო და დაუმალო ჭეშმარიტება, შთააგონო შენი “იდეოლოგია” და წინ – საფლავისკენ!

ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, ყველაზე მთავარი მაინც ინფორმაციული ომის მოგებაა, რამდენადაც დაახლოებით 75%-ით – მასზეა დამოკიდებული საბოლოო გამარჯვება.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ ბევრი კვლავაც მისტირის “საბჭოთა ტერორს” და მათთან სრულიად შეუძლებელია ნებისმიერი სახის დიალოგი, რომელიც იმ ჟამის ტირანთ ოდნავ მაინც მიაყენებს ჩრდილს. თუ კი ასეთი საუბარი მაინც გაიმართება, თანამოსაუბრეს თვალში აუცილებლად “სამშობლოს მოღალატედ” წარმოჩნდები.

ეს წიგნი სწორად ამ ადამიანებისთვისაა. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ აეხილოთ თვალი.

ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, აუცილებელია ასეთი ინფორმაციული წიგნების გამოცემა, არა მხოლოდ ქართულად, არამედ უცხო ენებზეც, განსაკუთრებით კი – ინგლისურად.

ეს ყველამ უნდა იცოდეს!

✓ საქორწილო ტორტი (Vol. 15)

საქორწილო ტორტი, რა თქმა უნდა, მადაში შევუკვეთე! მხოლოდ მადაში აკეთებენ ისეთ გემრიელ ტორტებს, რომ თითებს ჩაიკვნეტ!
სართული – ორი
ნაჭრების რაოდენობა – 70-80
მოტანის სერვისი ღირებულებაში შედიოდა.
ორი კვირით ადრე უნდა მოხვიდე შესაკვეთადო და გამაბრუნეს უკან ექვსი კვირით ადრე მისული. 🙂
თითოეული სართული განსხვავებული იყო.
ზედა – ატმითა და ვანილით;
ქვედა – ჩემი უსაყვარლესი – ალუბალი და შოკოლადი;

ყველა ტორტი მარციპანით იყო, გარდა ერთისა, რომელიც შევუკვეთე:

My Cake

გამოვიდა – ასეთი:

Dordi

მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში კონდინციონერები იყო ჩართული, მაინც საშინლად ცხელოდა, თუმცა, ტორტს არაფერი შესტყობია.

პირიქით, გაჭრის დრო რომ მოვიდა, დანა ჩავარჭე და არ შევიდა… როგორც მივხვდი, ისე იყო გაყინული, რომ ამდენი ხალხის წინაშე კინაღამ შემარცხვინა დიასახლისობაში!

მაგრამ გადავრჩი. მცირედი ანათლის გაკეთება მოვახერხე და როდესაც თეფშზე უსაფრთხოდ გადავიტანეთ, შვებით ამოვისუნთქე.

საკუთარი ქორწილში ბევრი არაფერი მიჭამია, მაგრამ თავს ვერ ვაპატიებდი, ჩემი ტორტი რომ არ გამესინჯა.

ძალიან გემრიელი იყო – ოღონდ, ნაყინივით გაყინული.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤