საბჭოთა ტერორი – ილუსტრირებული ისტორია

რამდენიმე დღის წინ ხელთ ჩამივარდა წიგნი – “საბჭოთა ტერორის” შესახებ. სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები შინ, ოთახიდან ოთახში დამაქვს და ჩემი ქმარი მეკითხება, ამ(ხელა) წიგნს რას დაათრევ აქეთ-იქეთო და მეც ნიანგივით თვალებს და ცხვირის ნაწილს ამოვყოფ და ჩავყოფ ისევ შიგ.

წიგნში ასახული მასალა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც დამთრგუნველი. მასში თავმოყრილია უნიკალური ამბები და დოკუმენტები. თითო მცირე ისტორიის გაცნობის შემდგომ, შემიძლია საათობით ვიფიქრო საკითხზე.

საბჭოთა ტერორიმახსენდება, როგორი სიამაყით ჰყვებოდა დიდი ბებია თავის ვაჟზე, ბაბუაჩემზე, რომელიც “სამამულო” ომის ვეტერანი იყო. ბავშვობისას ამ ამბებს რომ ვისმენდი, გული სიამაყით მევსებოდა. მინდოდა მეც იმ დროში მეცხოვრა და მემუშავა სამხედრო მედდად (იარაღის ჭერა უფრო მხიბლავდა, უბრალოდ, ქალებისთვის იმ დროისათვის ომში მეტი პერსპექტივა არ იყო).

დღეს კი ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ “მაღალთა ამა ქვეყნისათა” ნება-სურვილზეა დამოკიდებული და სხვა არაფერია, თუ არა ფულის კეთების საშუალება. უბრალო მოსახლეობა კი იჟლიტება უაზროდ, “საზარბაზნე ხორცია”. მარტივად მართვადი და კონტროლირებადი მარიონეტია.  ოღონდ, ის მას ვერ უნდა აცნობიერებდეს, მხოლოდ “პურითა და სანახაობით” უნდა დააინტერესო და დაუმალო ჭეშმარიტება, შთააგონო შენი “იდეოლოგია” და წინ – საფლავისკენ!

ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, ყველაზე მთავარი მაინც ინფორმაციული ომის მოგებაა, რამდენადაც დაახლოებით 75%-ით – მასზეა დამოკიდებული საბოლოო გამარჯვება.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ ბევრი კვლავაც მისტირის “საბჭოთა ტერორს” და მათთან სრულიად შეუძლებელია ნებისმიერი სახის დიალოგი, რომელიც იმ ჟამის ტირანთ ოდნავ მაინც მიაყენებს ჩრდილს. თუ კი ასეთი საუბარი მაინც გაიმართება, თანამოსაუბრეს თვალში აუცილებლად “სამშობლოს მოღალატედ” წარმოჩნდები.

ეს წიგნი სწორად ამ ადამიანებისთვისაა. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ აეხილოთ თვალი.

ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, აუცილებელია ასეთი ინფორმაციული წიგნების გამოცემა, არა მხოლოდ ქართულად, არამედ უცხო ენებზეც, განსაკუთრებით კი – ინგლისურად.

ეს ყველამ უნდა იცოდეს!