ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” – ანუ, სამყარო სიყვარულის გარეშე

“Love, the deadliest of all deadly things: It kills you both when you have it and when you don’t.”

ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება სიყვარულის გარეშე?

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს თქვენი პასუხი, შედეგი ერთია – ეს (წიგნში აღწერილი) სწორედ ის სამყაროა, რომელიც იარსებებდა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულის უნარი რომ არ გვქონოდა.

დისტოპიური რომანი მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს “შიმშილის თამაშები”, “ლაბირინთში მორბენალი” და მსგავსი ტიპის ნაწარმოებები ალტერნატიული რეალობის შესახებ.

Deliriumრამდენიმე დღის წინ ჩემს მეექვსე კლასელ დას თავისუფალი თემა ჰქონდა დასაწერი წიგნების შესახებ. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც მოაკვარახჭინა, ასე ჟღერდა: “ყოველი ახალი წიგნი განსხვავებული სამყაროაო.” მეც ასე, ვმოგზაურობ ერთიდან მეორეში. აქამდე “ნამოგზაურებ” ქვეყნებს შორის დელირიუმთან ყველაზე ახლოს მაინც მარგარედ ეტვუდის – “მხევლის” სამყარო იყო (ამავე მწერლის რომანიდან – “მხევლის წიგნი”). აქაც, მთავარი მოქმედი გმირის სამშობლო იმდენად რეალურია, რომ გეგონება, აგერ “ყურის ძირში”, რამდენიმე კილომეტრში სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადალახვის შემთხვევაში უპრობლემოდ მოხვდები მაგდალენასთან. მაგდალენა, იგივე ლენა  ემზადება ოპერაციისთვის, რომელის შემდგომაც ცხოვრებას მშვიდად და უშფოთველად გააგრძელებს – იმის გარანტიით რომ არასდროს შეეყრება დაავადება “ამორ დელირია ნერვოზა” – ანუ – სიყვარული.

წიგნი მარტივად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ავტორს თვალნათლივ და ცხადად აქვს აღწერილი ყოველი სცენა. ალაგ-ალაგ სასაცილო, ალაგ-ალაგ სევდიანი.

ხანდახან ნერვები გეშლება, რომ ლენა მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება და ბრაზდები, რომ თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული, მაგრამ – “მის დარაბებს მიღმაც მოვა გაზაფხული” კი არა და სიყვარული და…

…და სიამოვნებით მოგიყვებოდით რა ხდება შემდგომ, თუმცა, არ მინდა დაგისპოილეროთ…

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მომწონს წიგნების სერია “LiberTeens”, საერთოდაც, სადღეისოდ, გამომცემლობები ძლიერ აქტიურობენ, რაც ძალიან მახარებს და ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენთვის, წიგნების მოყვარულთათვის ასე იღწვიან!

თუ შეამჩნიეთ, ჩემი ბოლო რამდენიმე სტატია “პალიტრა L” – ის გამომცემლობის წიგნებს ეხება. განსაკუთრებული მადლობა სწორად მათ მსურს გადავუხადო, თუ რატომ, ამას ოდნავ მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ავტორი – ლორენ ოლივერი

GoodReads