მოგზაურობა სვანეთში, დღე პირველი

ჩემი ბლოგის მკითხველებისათვის უკვე ცნობილია, რომ სვანეთში ვაპირებდი წასვლას კლასელებთან ერთად. ამ ჩანაფიქრს “სიმთვრალეში” ჩაეყარა საფუძველი და არ მეგონა, ასე ფხიზლად თუ შევასრულებდით ყველაფერს.

ერთმანეთს ზუსტად დილის 5 საათზე შევხვდით. არცერთს დავიგვიანია. WOW! პუნქტუალობის დედები და მამები გავიჩითეთ უცებ. 6–ის 5 წუთზე უკვე თბილისიდან ვიყავით გასულები.

Lavazza

ყველაზე დიდი ხნით ზესტაფონის ლავაცაში შევჩერდით, სადაც ბიჭებმა ლორიანი ღვეზლები მიირთვეს.

ზუგდიდი

შემდეგი გაჩერება ზუგდიდში გვქონდა. რაღაცები შევიძინეთ და გავაგრძელეთ გზა.

ფუტკრების შემოტევის მოგერიებაში

სვანეთის მთებს რომ მივადექით, სასწრაფოდ გავჩერდით, ფოტოების გადასაღებად. სად იყო და სად არა, თავს ფუტკრების არიმია დაგვაცხრა. რამდენიმე კადრის დაფიქსირება მოვასწარით და ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მანქანაშიც შეეღწიათ ამ ჩვენთვის ასე არასასურველ მწერებს. როგორც იქნა, გავთავისუფლდით მათი მარწუხებისგან. დავიძარით და მცირე ხანში, შევიტყვეთ, რატომ იყო იმ ადგილას ასე ბევრი ფუტკარი: – გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე სკები და მეფუტკრეები გვხვდებოდნენ. დავიხუთეთ, იმიტომ, რომ ბიჭებმა არ ისურვეს ფანჯრების გაღება “მომეტებული საფრთხის წყაროს” გამო.

ქალაქში რომ ჩავედით, მას რამდენიმე წრე დავარტყით, სანამ მოვიფიქრებდით, სად გვსურდა გაჩერება. ცალსახად, ვეძებდით საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოთი.

მიგვასწავლეს, რომ თუ “ლაილას” გავცდებოდით, იმას ვიპოვნიდით, რაც გვსურდა. მაგრამ ვერავინ გვითხრა ეს ლაილა რა იყო. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ კაფე–ბარზე იყო საუბარი, რომელიც საინფორმაციო ბიუროს გვერდით მდებარეობდა, სადაც მოგვცეს სასტუმროების სია.
ჩართოლანების ეზოში

რაც ვნახეთ, ყველაზე მეტად კოკას გესთჰაუსი მოგვეწონა და დავეცით ბანაკი. პ.ს. ბევრი არ გვინახავს, იმიტომ, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით და სასტიკად გვეძინებოდა. ფასი, ნორმალური. კაცი – 20 ლარი. პ.პს. TripAdvisor–ზეც შეგიძლიათ აღნიშნული სასტუმრო იხილოთ. საუკეთესო ის იყო, რომ ყველა ნომერს თავისი აბაზანა–ტუალეტი ჰქონდა და ცხელი წყალიც მოდიოდა.

ვეძებთ ღირშესანიშნაობებს

ჩვენი მასპინძელი ჩართოლანების ოჯახიდან ერთი გოგონა ყველაზე საყვარელი იყო. მან რუკა გვანახა და მოგვცა რჩევები, რისი ნახვა შეგვეძლო და სად.

ჩვენები
გადაწყდა, რომ პირველი მარგიანების სახლ–მუზეუმს ვეწვეოდით.

A Walk
საათ–ნახევრიანი ძილის შემდგომ დავიძარით. მუზეუმის ბილეთი 3 ლარი ღირდა. სანამ გიდი მოვიდოდა, მარგიანების სვანურ კოშკში ავედით და ცოტა ხანი იქ დავყავით. წარმოვიდგინე, რომ სვანი ვიყავი, ძველ დროში ვცხოვრობდი და ხანდახან კოშკში მიწევდა გახიზნვა. ბრრ…

Tower

სამახსოვრო სურათი გადავიღეთ კოშკში და დავეშვით. ძირს ჩასულებს გიდი ადგილზე დაგვხვდა. შევედით მარგიანების საცხოვრებელ სახლში. ქალბატონი ლარისა, მარგიანების რუსი რძალი, საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

Margiani

მუზეუმიდან გამოსულებს დათომ გამოგვიცხადა, რომ ეძინებოდა და ქალაქის დათვალიერებას არ აპირებდა. ბესომაც აუბა მხარი. მე, გენა და მარიამი დიდ ხანს დავბოდიალობდით მესტიის ქუჩებში.

Our Shadow Selves
Our Shadow Selves – ჰქვია თქვენს წინაშე არსებულ ფოტოს, რომელზედაც ჩემი, გენასა და მარიამის სილუეტებია გამოსახული.

მესტიის საქალაქო სასამართლოსთან

თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარეთ. მესტიის რაიონული სასამართლოც აღმოვაჩინე და რა თქმა უნდა, ძალით “სერიოზული” სახით სურათიც გადავიღე. იმედია, ოდესმე ჩემი პროფესიით მომიწევს აქ ჩამოსვლა და კიდევ ერთხელ მომეცემა აქაურობის დათვალიერების საშუალება.

ბევრი ხეტიალის შემდგომ ავედით ჩვენს სასტუმროში. ბიჭებს უკვე ნახევარი ბოთლი ვისკის გამოცლა მოესწროთ, დარეკეს და შეგვატყობინეს. ჩვენ მეორეც დავამატეთ, ბარში კუბდარი შევუკვეთეთ, რომელიც, სხვებს კი, მაგრამ მე პირადად არ მომეწონა. და მეორე დღეს, მარგიანების კუბდარი რომ გასინჯეს, მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ამაზე მომდევნო სტატიაში.

Clock

საღამოს, ჭამის შემდგომ დათომ განაცხადა, რომ ოთახში კოღოები დახოცა და ამიტომ, აღარ აპირებდა არც კარ-ფანჯრის გაღებას და არც გარეთ გამოსვლას და მთელი საღამო იყო გაგუდული. ბესომ 8 საათზე ისე მკვდარივით დაიძინა, რომ ჩვენი ხმაური სულ არ გაუგია.

რომ დაღამდა, მე და გენა კვლავ ცენტრში ჩამოვედით ლუდისა და წვენების საყიდლად, იმ იმედით, რომ სვანური კოშკები განათებული დაგვხვდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იყო განათებული, ციფრულმაც გაჭედა და ამოვბოდიალდით უკან.

მერე გვიანობამდე საჭირბოროტო საკითხებზე ვსაუბრობდით და სადღაც პირველისაკენ წავედი დასაძინებლად, ისე, რომ ფეხბურთის ანგარიშის გაგებაც დამეზარა. ბრაზილიის ადგილას, იმ წაგების შემდგომ, უბრძოლველადვე დავთმობდი მესამე ადგილს. სირცხვილით სტადიონზე როგორ გამოვიდოდი. მით უმეტეს, რომ მაინც წააგეს.

გაგრძელების სანახავად მიჰყევით ბმულს: დღე მეორე

სვანეთის ხედების სანახავად მიჰყევი ბულს: სვანეთის ხედები

3 thoughts on “მოგზაურობა სვანეთში, დღე პირველი

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.