ნაზი პრინცესა

ბავშვობაში ჩვეულებრივი ქაჯანა ვიყავი. ვერ ვიტანდი კაბებს. მერჩივნა მამაჩემთან ერთად მანქანა “მეკეთებინა”, ვიდრე “ჩაის წვეულებებზე” მივეწვიეთ და მოვმკვდარვიყავი მოწყენილობისაგან. ხშირად წამომაძახებდა დედა:

– ცოტა ნაზად, გოგო ხარ…

ახლაც ისე ჩამესმის ყურში ეს სიტყვები, თითქოს გუშინ იყო.

ჩემი შვილი პირიქითაა. არ ვიცი, ასეთი ფაფუკი, ფუმფულა, ნაზი, სულით “პრინცესა” საიდან გამოვიდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულაც არ მინდა “პრინცესა” იყოს და ვცდილობ სხვა მიდგომით აღვზარდო.

ჯერ-ჯერობით, წარუმატებლად ვებრძვი სტერეოტიპებს, რომლებიც თანატოლებისგან მოაქვს, რომ ვარდისფერი გოგოს ფერია, ცისფერი კი – ბიჭის. ვუხსნი, რომ ფერები არ იყოფა ამ ნიშნით და რომ მამას აქვს ვარდისფერი პერანგი, დედას – ლურჯი (თან ბევრი) სვიტერი.

წარუმატებლად ვებრძვი ძველ ზღაპრებს, სადაც პრინცესები თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებს ელოდებიან. სპეციალურად შევუძინე – “ძილისპირული ამბები მეამბოზე გოგონებისათვის”, მაგრამ, ჯერ მაინც პატარაა საამისოდ.

წინსვლაში – “პეპი გრძელწინდა” დამეხმარა. “ელსაც” – “გაყინულიდან. ამისათვის მადლობა დისნეის.

ვცდილობ, ანას პრინცესა არ დავუძახო და არც ის მსიამოვნებს, სხვები რომ ასე მოიხსენიებენ, იმიტომ, რომ მინდა ჩემმა შვილმა…

მინდა, რომ ძლიერი იყოს. მინდა, რომ შედარებით უფრო შემზადებული შეხვდეს ამ ცხოვრებას; რომ ვერავინ დაჩაგროს; ვერავინ შეძლოს მისით მანიპულირება; თვითშეფასების დაქვეითება… თავად შეძლოს საკუთარი გზის გაკვალვა და მომავლის გამოძერწვა.

ახლაც კი, მამამისს ეუბნება, რომ “პრინცი უნდა” – იმიტომ, რომ ჩემი შარფი მოსასხამად აქვს მოხურული, კისერზე ყალბი მარგალიტის ყელსაბამი შებნეული, თეთრი რაშიც კი მოუყვანეს – სათამაშო “მაქსიმუსი”  “რაპუნცელიდან” და ახლა მხოლოდ პრინციღა დარჩა… და კიდევ სასახლე – “ყინულის კიბეებით”.

Image result for facepalm emoji

ვაგრძელებ მუშაობას საპირისპირო მიმართულებით, ვნახოთ, სად ვიქნებით ერთი წლის შემდეგ.

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.