კარანტინის აკვიატებული სიმღერა

ეს ის სიმღერაა, რომელიც კარანტინის დღეებში ამეკვიატა, მახალისებს და გაწყობას მიმაღლებს.

თქვენ რას უსმენთ კარანტინში?

To Do ლისტიდან წასაშლელად

ფაქტია, დღეს პოსტის დაწერა გასაკეთებელ საქმეთა სიაში მეწერა. შესაბამისად, სანამ ლეპტოპზე Adobe Reader დაინსტალირდება, დროს ვიხელთებ და ამასაც გავაკეთებ.

საერთოდ, 19 მარტის მერე ჩემი დღიური არც გადამიშლია და შესაბამისად, არც არაფერი შემისრულებია გეგმის მიხედვით. გეგმაც კი არ შემიდგენია.

მაგრამ, გადავწყვიტე, რომ ასე არ შეიძლება, ვინაიდან, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მეყოს დასვენება (არადა, სულაც არ ვისვენებ). ამასთან One day at a time – პრინციპი მეხმარება სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში და უფრო მეტად შემდგარად ვგრძნობ თავს, გარეთ მიმდინარე მოვლენათა პარალელურად და მიუხედავად.

რაც შინ ვზივარ, მკლავს იმის სურვილი, რომ რამე შევქმნა: დავწერო, დავხატო, გამოვაცხო, მოვამზადო, დავასუფთავო, დავრეცხო, ვისწავლო, ეზო გავალამაზო, სურათები გადავიღო, დავამუშავო – და არაფერი არის საკმარისი. პირველის გარდა, ყველაფერი მრავალჯერ ვცადე, ახლა ეს პოსტი სწორად იმ პირველის მცდელობაა და ვნახოთ, რა გამოვა. თუმცა, ხვალ ახალი დღეა და ვინ იცის, იქნებ, ხვალინდელი დღის გასაკეთებლებშიც გადავიტანო ეს ყველაფერი – ხელახლა.

თუმცა, არა… ბევრი რამისგან არ უნდა შედგებოდეს ჩემი სია – ვინაიდან, თუ მხოლოდ ნახევარი მოვასწარი დღეს, შეიძლება, ქვეცნობიერმა შემაწუხოს, რომ მეორე ნახევარი გაუკეთებელი დამრჩა. ხვალინდელი სია უფრო მოკლე იქნება. აი ასე.

Publish…

მოიცა, სად გეჩქარება – ჯერ სურათიც კი არ შეგირჩევია პოსტისთვის… არც თეგები…

Who cares…

Publish…

Oh, but wait…

adobe_post_20200327_21150401273641201514320128.png

წარმოგიდგენიააათ?!

ერთი წლის წინ რომში ვიყავი და ამის შესახებ დღემდე არაფერი დამიწერია ბლოგზე. ადრე აქაურობა ჩემი სარბიელი იყო, ჩემი მოსაზრებების ასპარეზი.

წერით ახლაც ვწერ – ფუცელზე. მეხმარება ემოციებისაგან დაცლასა და მოგონებების შენახვაში. არ მინდება სხვას გავუზიარო და არ ვაქვეყნებ. არადა, ერთ დროს ამის გარეშე არ შემეძლო.

ალბათ, ახლა ბევრად უფრო ნამდვილი ვარ, როდესაც ჩანაწერებს მოხლოდ ჩემთვის ვაკეთებ. ადრე, მკითხველის გულის მოგებაზე/წყენინებისაგან თავის არიდებაზე ვზრუნავდი, მაგრამ – ეტყობა, გავიზარდე. აღარც უაზრო დისკუსიებში ჩართვის სურვილი მაქვს; ძალიან იშვიათად – ადამიანების სიბნელეს რომ ვაწყდები, უბრალოდ, თავს ვერ ვიკავებ და მერე იმასაც ვნანობ.

ისიც არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ?!

არა, ლეპტოპი უნდა შევცვალო. სულ რამდენიმე აბზაცი დავწერე და უკვე ხელები მტკივა.

ხანდახან, სურვილი მიპყრობს, ჩანაწერები ონლაინ გავაკეთო, ისევ და ისევ მხოლოდ ჩემთვის, ოღონდ – საიდუმლო/დახურულ ბლოგზე… მაგრამ რაღაც მაკავებს. ალბათ, ზარები.

საინტერესოა, კომპიუტერში უფრო სწრაფად ვწერ თუ ფურცელზე? ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო და დავაკვირდე.

კომპიუტერის უპირატესობა ისაა, რომ დაკორექტირების საშუალებას იძლევა; მაგრამ კალმით წერისას სხვანაირად იცლები.

პოსტის წერისას ყველაზე მეტად სურათის შერჩევით, კატეგორიის მინიჭებით, თეგების ამორჩევით ვიღლები – გარეგნულ მხარეს ვაქცევ ყურადღებას, რასაც დიდი დრო მიაქვს, დროზე მეტი – ძალისხმევა. იმაზე მეტი, ვიდრე წერას და მერე ყველაფრის ხალისი მეკარგება.

აი, მაგალითად, წინა პოსტის გამოქვეყნებას არ ვგეგმავდი. შემთხვევით დამეჭირა, თორემ იგდებოდა დრაფტებში. მერე იძულებული გავხდი Featured image შემერჩია, ერთიც – თავად პოსტში ჩამესვა.

აი, ახლა – ამაზეც მეზარება…

ეჰ, წავედი, დავიძინო…

და ამასობაში, 200 სიტყვაზეც ავსულვარ. აჰა, სრულყოფილი პოსტი.

აქვე, აკვიატებული სიმღერაც და ეგაა:

პ.ს. ბილი ჩემმა დამ შემაყვარა ❤ მიყვარს ჩემი და.

რა გვიშლის ხელს დიეტის დაცვაში?!

დიეტის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დავამარცხებთ ემოციურ “შიმშილს.”

დიეტასთან მიმართებით, ჩვენი ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ არა იმაზე, “რას ვჭამთ,” არამედ – იმაზე, თუ “როგორ ვჭამთ.” ძირითადი პრობლემა – ფსიქოლოგიურია.

გარკვეულ მიზეზთა გამო, რომელთაც ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, ჩვენ განვიცდით “ნაკლებობას” ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში: – ენერგიის, ძილის, სიყვარულის, ურთიერთობის, უსაფრთხოების შეგრძნების დეფიციტს.

შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ მაშინ ვჭამთ, როცა გვშია. რა თქმა უნდა, ასეა! მაგრამ ხშირად, რასაც შიმშილად ვნათლავთ, სინამდვილეში სიცარიელის შეგრძნებაა, რომელიც ერთ-ერთი ზემოხსენებული ნაკლებობით არის გამოწვეული. ასე, რომ დიახ, გშიათ, მაგრამ ეს შიმშილი ემოიცური – ფსიქოლოგიური ფაქტორით არის გამოწვეული. ადამიანები ხშირად, საკვებს ამ შინაგანი სიცარიელის ამოსაყორად ვიყენებთ.

adobe_post_20190524_1121115435707499397244130.png

ეს ყველაფერი უფრო დიდი ფენომენის – ემოიცური კვების ნაწილია. აღნიშნულის გამოა, რომ საკვებს ვეძებთ, როცა მოწყენილები, დასტრესილები, გაბრაზებულები, მოწყენილები, მათ შორის, მხიარულები ვართ.

ემოციური შიმშილის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, საჭიროა, მოვუსმინოთ თავს და იმას, თუ რა იწვევს შიმშილის ყალბ სიგნალს.

როგორც კი ასეთი სიგნალი წამოვა, უნდა ვკითხოთ თავს – ნამდვილად გვშია, თუ მოწყენილი, დასტრესილი ვართ, ან მარტოსულად ვგრძნობთ თავს და ამ კონკრეტული ემოციის შიმშილად ინტერპრეტირებას ვახდენთ არასწორად?

ნამდვილად დამთხვევაა, რომ ეგრევე გვშივდება, როცა ვინმე გაგვაბრაზებს, თუ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი?

მარტო სახლში

ყველა მშობელი ნერვიულობს, როცა შვილი სახლში მარტოა – უფროსების მეთვალყურეობის გარეშე. ასეთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოწიფული და დამოუკიდებელია ბავშვი, ბევრი გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ თუ შვილებს დამოუკიდებლობას არ მივაჩვევთ – მუდამ ჩვენს კალთაზე გამოკერებული იქნება – 40 წლის ასაკშიც. 😀

მიქე, რომელიც Thirty Handmade Days (30 ხელნაკეთი დღე) ბლოგის ავტორია, და რომელმაც აშშ-ს შტატების კანონმდებლობა შეისწავლა არასრულწლოვანის მარტო დატოვებასთან დაკავშირებით, გვთავაზობს ცხრილს – ასაკის მიხედვით, როდის და რამდენი ხნით შეიძლება დავტოვოთ ბავშვი შინ მეთვალყურეობის გარეშე. ის, ასევე, გვთავაზობს მოსაზრებებს, თუ უსაფრთხოების რა ზომები უნდა მივიღოთ აღნიშნულ შემთხვევაში და რა უნდა იცოდეს არასრულწლოვანმა, როცა ის მარტოა სახლში.

 

home alone

აშშ-ს სხვადასხვა შტატის კანონმდებლობის შეჯერებული ვერსიის თანახმად, უბნის, სამეზობლოსა და ბავშვის ხასიათის გათვალისწინებით, დასაშვებია არასრულწლოვანის სახლში მარტო დატოვება 8 წლის ასაკიდან,  არაუმეტეს დღეში საათნახევრისა – ისიც, დღისით, მზისით, სანამ დაღამდება. 10 წლის ასაკიდან ამ პერიოდის ხანგრძლივობა ორმაგდება. 11 წლიდან – უკვე მეტი დროითაც შეიძლება ბავშვის დატოვება, თუმცა, არა ღამით. 16 წლიდან – უკვე ზედიზედ არაუმეტეს ორი ღამითაც მისაღებია არასრულწლოვნის შინ მარტო დატოვება.

ქართული კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხზე არაფერს ამბობს, თუმცა, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო კოდექსის დანაწესებითაც, რომლის შესაბამისადაც, 7 წლამდე ასაკის ბავშვი მცირეწლოვანად ითვლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ასაკამდელი ბავშვების შინ მარტო დატოვება არ შეიძლება.

გარდა ამისა, სანამ პატარებს შინ ეულად დატოვებდეთ, აუციელებელია, მათ უსაფრთხოების ნორმები და მათი დაცვა ასწავლოთ. მიეცით ბავშვს ინსტრუქცია:

  1. კარები კარგად ჩარაზე;
  2. არავის გაუღო კარი;
  3. არანაირი სტუმარი;
  4. არ დატოვო სახლი;
  5. არავის გააგებინო, რომ შინ მარტო ხარ;
  6. არ უპასუხო ტელეფონს და არც ზარს კარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ოჯახის წევრია;
  7. გააკეთე შენი საქმეები;
  8. შეეხმიანე მშობლებს;
  9. დაიცავი ტექნიკასთან დაკავშირებული წესები;
  10. გაუთვალისწინებელი შემთხვევისას დარეკე 112-ზე, ხოლო შემდგომ – მშობლებთან.

მშობლებო, უსაფრთხოების მითითებული ნორმების გარდა, თქვენს გამოცდილებასაც თუ გამიზიარებთ კომენტარებში, დიდად დამეხმარებით და გამახარებთ.