ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე.

პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ რაც უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება და არ უნდა დავნებდეთ! არ უნდა დავიჩოქოთ, თორემ შემდგომ ძნელია წამოდგომა.

“დელირიუმისაგან” განსხვავებით წიგნის ეს ნაწილი თხრობის სტილით გამოირჩევა. თავები ერთმანეთს ენაცვლება – “ახალა” და “მაშინ” სათაურებით. სიმართლე რომ ითქვას, არ მიყვარს თხრობის მსგავსი სტილი (ჯორჯ მარტინმა დამტანჯა), რამდენადაც აზრი მიწყდება ხოლმე. წიგნს ისე ვკითხულობ, როგორც მინდა ხოლმე; ასე, მაგალითად:  ჯერ ერთი პერსონაჟის ისტორიას წავიკითხავდი, ბოლომდე და შემდგომ, მეორის.  მაგრამ ამ ნაწარმოებში ყველაფერი ისე სინქრონულად ებმის ერთმანეთს, რომ მსგავსი სურვილი არ გიჩნდება – მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად წაიკითხო და გახვიდე ფონს – შეიტყო, რა იქნება მომავალში.

ფინალი, ისევე, როგორც პირველ ტომში, აქაც სულის შემძვრელი იყო. თუმცა, თუ კი “დელირიუმის” დასრულების შემდგომ “სიცოცხლე არ მინდოდა” – რაღა უნდა მოხდეს, რომ ისევ დაგიბრუნდეს მისი სურვილი თქო, “პანდემონიუმის” წაკითხვის შემდგომ – მომინდა რაც შეიძლება სწრაფად წამეკითხა შემდეგი ნაწილი.

იმედია, გამომცემლობა “პალიტრა L” – მესამე წიგნსაც მალევე გვითარგმნის და მოგვცემს ლორენ ოლივერის ფანტაზიით ტკბობის საშუალებას.

ავტორი – ლორენ ოლივერი

 

კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე.

ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის იბრძვის. “შერჩევა” მათთვის ლატარიის ბილეთისავით – ცხოვრებაში ერთადერთი შანსია, თავი დააღწიონ იმ ბედ-იღბალს, რომელიც დაბადებიდან ერგოთ.

შერჩევა – ავტორის პირველი წიგნია ამავე სახელწოდების წიგნების სერიიდან. მას რამდენიმე ნაწილიანი გაგრძელება აქვს.

რომანმა ისე ჩამითრია, თავი ვერ შევიკავე, და მეორე ნაწილი გადმოვწერე ინტერნეტიდან. მიუხედავად, იმისა, რომ “პალიტრა L” – ელვისებური სისწრაფით თარგმნის და გამოსცემს შესანიშნავ წიგნებს – მაინც ვერ მოვითმენდი იქამდე, სანამ “ელიტა” – “შერჩევის” მეორე წიგნი გამოიცემოდა. Continue reading “კირა კასი – “შერჩევა””

პალიტრა L – გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს ჩემზე

პალიტრა L – ეს არის გამომცემლობა, რომელსაც როგორც გამცნეთ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს არის გამომცემლობა, რომელიც ზრუნავდა ჩემს საშვებულებო, უფრო მეტიც – თაფლობის თვის განწყობაზე და არა მხოლოდ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც პალიტრა L-ის ანგელოზი გამომეცხადა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო.
მას შემდგომ გაფაციცებით ველოდები მის გამოჩენას, რამდენადაც ის ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასთან, წიგნებთან და აქედან გამომდინარე, სასიამოვნოსთან ასოცირდება.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შეგიძლიათ იხილოთ დასახელებული გამომცემლობის მარგალიტების ჩემეული მიმოხილვები. რომელი ნაწარმოებიც არ იქნება “გალინკული” – იმის წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს.

სხვადასხვა სერიიდან:

Liberteens:

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია:

კაზუო იშიგუროს დაფლული გოლიათი

მე-20 საუკუნის „ყველაზე ინგლისური რომანი“ იაპონელმა დაწერა და ეს მწერალი კაზუო იშიგუროა!

– აღნიშნავენ ბრიტანელი კრიტიკოსები ერთხმად.

რა არის ჩვენი სიცოცხლე მახსოვრობის გარეშე? შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ცხოვრება, თუ კი არ გვაქვს წარსული? იქნებ, სჯობს კიდეც უცოდინრობა?

მეფე არტურის შემდგომი ბრიტანეთი, მითებით, გმირებითა და ტრადიციებით აღსავსე. და მაინც, მყიფე და ადვილად მსხვრევადი ქვეყანა, რომელიც დანის პირზე იმყოფება.

გვსურს ბარბარიზმის დავიწყება? დაკარგული ვაჟის ხსოვნის უარყოფა?

იშიგუროს გმირებს სურთ ღვთაებრივი ცოდნის მიღება წარსულის შესახებ, მაგრამ მზად არიან გაიღონ დაწესებული ფასი? გადარჩებიან კი?

“დაფლულმა გოლიათმა” იშუგუროს ფანებში დაპირისპირება გამოიწვია. ერთნი უზომოდ კმაყოფილნი არიან, მეორენი – პირიქით – იმედგაცრუებულნი, რამდენადაც აღნიშნული ნაწარმოები განსხვავდება ავტორის წინამორბედ ნამუშევრთაგან.

მე – აღფრთოვანებული დავრჩი. იმაზე მეტად, ვიდრე მოველოდი. წიგნი მრავალშრიანია. მის ლაბირინთებში ხეტიალი ერთგვარი სიამოვნებაა. შესაძლოა, ერთი წაკითხვით ყველაფერი ვერ გაიაზრო ჩვეულებრივმა მოკვდავმა. “დაფლული გოლიათი” ისეთ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელსაც რაღაც პერიოდის შემდგომ ისევ სიამოვნებით დაუბრუნდება კაცი და უამრავ ახალ რამესაც აღმოაჩენს.

კაზუო იშიგურო

GoodReads

ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე

ყველა ქართველმა და ალბათ, ბერძენმაც, იცის მითი არგონავტებზე, რომლებიც ძველ კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ.

ისტორია რეალურად მომხდარ ამბებს ასახავს, მითი – მისტიური – გამოგონილს. ძნელია გაარჩიო, სად იწყება მითი და სად რეალობა. მაგრამ ასეა თუ ისეა, მტკიცებულება ბევრი მოგვეპოვება და ამას “პალიტრა L”-ის “საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” სერიის მეცამეტე ტომის ფურცლების გაცნობისას მარტივად შეიტყობთ.

მთელს მსოფლიოში ამ თემაზე უამრავი მულტიპლიკაციური, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი არსებობს. ზოგ მათგანში იასონის პერსონაჟზე აკეთებს, ზოგშიც მედეაა მთავარი მოქმედი გმირი.

argonauts

მედეას მიმართ მთელი შეგნებული არსებობის მანძილზე გაორებული გრძნობები მიჩნდებოდა და ახლაც ასე ვარ: – ჩემთვის წარმოუდგენელია სამშობლოსა და მშობლის ღალატი, ვიღაც გადამთიელის გამო საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა.

ალბათ, ამიტომაც მიმაჩნია, რომ იმსახურებდა ყველაფერს, რაც შემდგომ დაემართა.

პარალელურად, მეცოდება, რამდენადაც საყვარელი ადამიანის გამო ამდენი მსხვერპლი გაიღო და ეს არად დაუფასდა.

მედეასა და იასონის “სიყვარულის” ისტორიას სიყვარულს ვერ დავარქმევდი. ეს კოლხეთის მეფის ასულის ცალმხრივი “სიყვარულისა” და ტრაგედიის ისტორია უფროა. მისით ისარგებლეს, კარგად გამოიყენეს და ბოლოს, როცა არასაჭირო გახდა, გადააგდეს.

ბერძნებისათვის შესაძლოა, იასონი გმირია, მაგრამ ჩემთვის გაიძვერაა, რომელმაც ქალის სისუსტით ისარგებლა სასურველი მიზნის მისაღწევად. მარტივად რომ მოვნათლოთ, კახპაა.

მიუხედავად იმისა, რომ მედეას ქცევის გამო მრცხვენია და ქართველებს  ამ ამბის გაცოცხლებით ბევრი არაფერი გვაქვს საამაყო, ოქროს საწმისისა და მედეას ისტორია ძველი კოლხეთის – საქართველოს ისტორიის ნაწილია და ის ყველამ უნდა იცოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომა არასოდეს დავუშვათ და თვითმყოფადობაზე არ ვთქვათ უარი, რამდენადაც ღალატი, თუნდაც ყველაზე გულწრფელი სიყვარულის გამო ჩადენილი, არასდროს რჩება დაუსჯელი.